სენსორის კალიბრაცია

სენსორის დაკალიბრება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ CGM-ის მნიშვნელობები თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება და ზრდის CGM-ის მნიშვნელობების სიზუსტეს. სენსორის დაკალიბრება სისხლში გლუკოზის თქვენი საზომიდან აპში გლუკოზის მნიშვნელობის შეყვანის საშუალებით ხდება. აღნიშნულის განხორციელება აპის მიერ გამოყენების პირველი დღის განმავლობაში მოგეთხოვებათ.

CGM-ის მნიშვნელობების 2 რეჟიმია წარმოდგენილი: ტენდენციის რეჟიმი და თერაპიის რეჟიმი. რეჟიმი, რომელშიც სენსორი ამჟამად იმყოფება, მთავარ ეკრანზე პირდაპირ CGM-ის მნიშვნელობების ქვემოთაა ნაჩვენები.

როდესაც სენსორი ტენდენციის რეჟიმშია:

  • CGM-ის მნიშვნელობები არ უნდა იქნეს გამოყენებული თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.
  • CGM-ის მნიშვნელობები ტენდენციების განსაზღვრისთვის მხოლოდ ზოგადი ორიენტირის სახით შეიძლება იქნას გამოყენებული.
  • თერაპიის ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება, გლუკოზის საზომით სისხლში გლუკოზა შეამოწმეთ.

როდესაც სენსორი თერაპიის რეჟიმშია:

  • CGM მნიშვნელობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.

სენსორის მიერ გაზომილი გლუკოზის მნიშვნელობა უფრო ზუსტია, თუ მას დროის იმ მონაკვეთში დააკალიბრებთ, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე შედარებით სტაბილურია.

ნუ დააკალიბრებთ მალევე საკვების მიღების, ინსულინის შეყვანის ან სხვა ფიზიკური აქტივობის შემდეგ და მოერიდეთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი ტემპერატურების ან სწრაფად ცვალებადი ტემპერატურების მქონე გარემოს.

დაკალიბრების რუტინა ორ ნაბიჯს მოიცავს:

1 საათიანი მომზადების დროის გასვლის შემდეგ, სენსორი ტენდენციის რეჟიმშია და CGM-ის მნიშვნელობებს აპს ყოველ 5 წუთში ერთხელ უგზავნის. თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება, არ გამოიყენოთ აღნიშნული საწყისი CGM-ის მნიშვნელობები. სენსორის მოთავსებიდან 12 საათის შემდეგ, აპი დაკალიბრების მოთხოვნას გამოგიგზავნით.

ნაბიჯი 1: ჩაატარეთ სისხლში გლუკოზის ტესტი და გლუკოზის მნიშვნელობა აპში შეიყვანეთ. სენსორი შედის თერაპიის რეჟიმში. CGM-ის მნიშვნელობები ახლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.

ნაბიჯი 2: 30 წუთიდან 3 საათამდე დროის გასვლის შემდეგ, ჩაატარეთ სისხლში გლუკოზის კიდევ ერთი ტესტი და გლუკოზის მნიშვნელობა აპში შეიყვანეთ. აღნიშნულით დასტურდება პირველი გაზომვა. შენიშვნა: მე-2 ნაბიჯის გამოტოვების შემთხვევაში, სენსორი ტენდენციის რეჟიმში დაბრუნდება.

სენსორის დაკალიბრების რუტინა დასრულებულია.

სენსორის დაკალიბრებისთვის:

  1. მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, შეამოწმეთ სისხლში გლუკოზის დონე სისხლში გლუკოზის საზომის საშუალებით.
  2. შეხებით აირჩიეთ ახლავე დაკალიბრება მთავარ ეკრანზე.
  3. ეკრანზე დაკალიბრება შეიყვანეთ სისხლში გლუკოზის საზომიდან თქვენი გლუკოზის მნიშვნელობა. გლუკოზის მნიშვნელობა ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 წუთში უნდა იქნას შეყვანილი.
  4. შეხებით აირჩიეთ შენახვა.
  5. გადაამოწმეთ, აპში ხომ ნამდვილად შეიყვანეთ გლუკოზის იგივე მნიშვნელობა, რაც სისხლში გლუკოზის თქვენს საზომზე იყო ნაჩვენები და შეხებით აირჩიეთ დადასტურება. თუ შემთხვევით არასწორი მნიშვნელობა შეიყვანეთ, შეხებით აირჩიეთ გაუქმება და შეიყვანეთ სწორი მნიშვნელობა.
  6. სენსორი დაკალიბრებულია.

დაკალიბრების წარუმატებლობის შემთხვევაში, პროცესის განმეორებამდე დაიცადეთ დაახლოებით 15–30 წუთის განმავლობაში. პროცესის განმეორებისას, გამოიყენეთ სისხლში გლუკოზის საზომიდან თქვენი გლუკოზის ახალი მნიშვნელობა.

დაკალიბრებისთვის სისხლში გლუკოზის არასწორი მნიშვნელობის შეყვანის შემთხვევაში, ვერ მოხდება სისტემის სწორი მუშაობის გარანტირება.

თუ დაკალიბრების არასწორ მნიშვნელობას დაადასტურებთ, მისი წაშლა აღარ იქნება შესაძლებელი. მოაცილეთ სენსორი და გამოიყენეთ ახალი.